პატარა ზომის მწვანე პომიდორები დავჭრათ რგოლებად ან უფრო მოზრდილი პომიდორები ოთხად.
დავაყაროთ ცოტა მარილი და გავაჩეროთ 3-4 საათი, რათა დაიწუროს ზედმეტი წვენი.
შემდეგ კარგად გავწუროთ.
წვრილი ქართული ხახვი დავჭრათ რგოლებად.
ბულგარულ წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და რგოლებად დავჭრათ.
ყველა მწვანილი (ნიახური, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, კამა) დავჭრათ წვრილად.
მწვანე პომიდორი და ყველა ბოსტნეული მოვათავსოთ დიდ ჭურჭელში.
დავასხათ ზეთი.
ძმარში გავხსნათ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, შავი წიწაკა, წითელი წიწაკა, ნიორი და მარილი და დავუმატოთ სალათს.
ყველაფერი კარგად ავურიოთ.
გავაჩეროთ ერთი დღე-ღამე, დროდადრო ფრთხილად ვურიოთ.
მეორე დღეს ჩავაწყოთ სტერილიზებულ ქილებში.
დავასხათ თავისივე წვენი და მოვუკრათ თავი.
შევინახოთ გრილ ადგილას.
სტერილიზაციისთვის: ქილებში ჩაწყობილს დავასხათ წვენი, დავახუროთ თუნუქის თავსახურით.
გავასტერილოთ ადუღებულ წყალში 30 წუთის განმავლობაში.
ამოღებისთანავე მოვხუფოთ.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”