
ტრადიციული ქართული კერძი - ხორცი და ბოსტნეული თიხის ქოთნებში გამომცხვარი. ყველა ინგრედიენტი ერთად იხარშება და იკრავს ერთმანეთის გემოს. უნიკალური, არომატული და სრულყოფილი კერძი.
ხორცი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად (თითო ქოთანზე 3-4 ნაჭერი).
ბადრიჯნები გავჭრათ სიგრძეზე ნახევრად.
თითოეულ ნახევარში გავაკეთოთ ჩაჭრა სიგრძეზე.
ჩავტენოთ რეჰანის და ოხრახუშის ფოთლები.
პომიდორი დავტოვოთ კანიანად, მთლიანად ან ნახევრებად.
ბულგარული წიწაკა გავჭრათ ნახევრებად და გამოვაცალოთ თესლი.
კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ კუბიკებად.
თითოეულ თიხის ქოთანში ჯერ ჩავალაგოთ 3-4 ხორცის ნაჭერი.
შემდეგ ჩავდოთ 2 პატარა პომიდორი.
დავამატოთ ნახევარი ბულგარული წიწაკა.
ჩავდოთ ერთი პატარა თავი ხახვი.
დავამატოთ შუაზე გაჭრილი 1 კბილი ნიორი.
ჩავდოთ 2 ცალ-ცალკე ნახევარი გაჭრილი და მწვანილით გამოტენილი ბადრიჯანი.
ზემოდან დავალაგოთ დაჭრილი კარტოფილი.
თუ ცხარე გირჩევნიათ, ჩავამატოთ გულგამოცლილი მწვანე წიწაკის ნაჭრები.
მოვაყაროთ მარილი.
დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო.
ქოთანი შევავსოთ წყლით.
შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე ხორცის მოხარშვამდე და კარტოფილების შეწითლებამდე (დაახლოებით 90 წუთი).
მივიტანოთ სუფრაზე თიხის ქოთნებითვე.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”