
ქართული ბადრიჯნის სალათა - შემწვარი ბადრიჯანი ბროწეულის მარცვლებით, ხახვითა და არომატული სუნელებით. გემრიელი, ჯანსაღი და მსუბუქი კერძი, რომელიც შესანიშნავია როგორც ცივად ზაფხულში, ისე ზამთრისთვის შენახული.
ბადრიჯანი გავრეცხოთ და დავჭრათ რგოლებად .
მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ სულ ცოტა 30 წუთი.
ყავისფერ წვენს რომ გამოუშვებს, კარგად გავწუროთ.
ღრმა ტაფაში ან განიერ ქვაბში ჩავასხათ ზეთი და გავახუროთ.
ჩავყაროთ ბადრიჯნის რგოლები და შევწვათ.
ბადრიჯანს ცოტა რომ დააკლდება და რბილი გახდება, დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ერთად მოვთუშოთ.
ხახვი ნახევრად რომ მოითუშება, გადავდგათ ცეცხლიდან.
გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
ძმარში კარგად ავურიოთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და მარილი.
მოვასხათ გაგრილებულ ბადრიჯანს.
მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და კარგად ავურიოთ

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”