კეფირს დავუმატოთ არასავსე ჩაის კოვზით სოდა.
ჩავასხათ ჯამში, დავამატოთ ზეთი და კარგად ავურიოთ.
დავამატოთ ფქვილი ნელ-ნელა და თან ვურიოთ ცომის მოსარევით.
ფქვილს სულ რომ დავამატებთ, ხელით მოვზილოთ რბილი ცომი.
მოვამრგვალოთ და დავასვენოთ 15-20 წუთი.
იმერული ჭყინტი ყველი და ცოტა სულგუნი გავხეხოთ და ავურიოთ.
ცომი და ყველი გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად.
სამუშაო დაფაზე ან მაგიდაზე მოვაყაროთ ფქვილი.
ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ საშუალო სისქეზე.
შუაში ჩავდოთ ყველის მესამედი.
მოვუკრათ გვერდებიდან თავი, შუაში კარგად შევაერთოთ და დავტკეპნოთ.
შემდეგ ყველიანი ცომი გავაბრტყელოთ ტაფის ზომაზე.
ტაფა დავდგათ ცეცხლზე, წავუსვათ ერბო ან კარაქი.
მოვათავსოთ გაბრტყელებული ხაჭაპური და ვაცხოთ დაბალ ცეცხლზე.
ქვედა მხარე რომ დაიბრაწება, გადავაბრუნოთ.
მეორე მხარეც ვაცხოთ ოქროსფერ ფერამდე.
გამომცხვარი ხაჭაპური გადავიტანოთ ხის დაფაზე.
დავაყოვნოთ რამდენიმე წუთი და დავჭრათ ნაჭრებად.
მივირთვათ ცხელი.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”