საზამთროს ქერქის არაჩვეულებრივი მურაბა — გამჭვირვალე, ელასტიური და ხრაშუნა. მომზადება რთულია, მაგრამ საუცხოო შედეგი ღირს ამად.
მოამზადე საზამთროს ქერქები მურაბისთვის.
საზამთროს რბილობი გამოიღეთ და მიირთვით გემრიელად
დარჩენილ ქერქს მოათალეთ მწვანე კანი.
დაჭერით სასურველ ლამაზ ფორმებად და ალაგ-ალაგ დაჩხვლიტეთ ჩანგლით.
მოათავსეთ კირიან წყალში (200გ კირი წყალში გახსნილი), რომ დაფაროს, და გააჩერეთ 2 საათი.
ამოიღეთ და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში.
ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი, წამოადუღეთ და ადუღეთ 10 წუთი.
გადაუსხით მდუღარე წყალი, ჩაასხით ახალი წყალი, დაამატეთ ნახევარი სუფრის კოვზი შაბი.
ისევ წამოადუღეთ და ადუღეთ 10 წუთი.
ამოიღეთ საზამთროს ნაჭრები და გადაიტანეთ საწურზე.
ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი, ჩააწყეთ საზამთროს ნაჭრები.
წამოადუღეთ და ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ ამოალაგეთ და გადაიტანეთ საწურზე.
აწონეთ დაწურული საზამთროს ნაჭრები და აზომეთ პროპორციულად საჭირო წყალი (3 ჭიქა) და შაქარი (1კგ) 1კგ საზამთროს ქერქებზე
ქვაბში ჩაასხით წყალი, აადუღეთ, დაამატეთ შაქარი და გაახსენით.
ჩაყარეთ საზამთროს ნაჭრები და ხარშეთ, სანამ საზამთრო გამჭვირვალე არ გახდება.
ცეცხლის გადმოდგმის შემდეგ დაამატეთ ვანილი.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”