
შემწვარი თევზი ნიგვზიან სოუსში. ბაჟე აძლევს თევზს უნიკალურ, ნაზ გემოს და არომატს. კლასიკური კერძი, რომელიც ქართულ სუფრას აუცილებლად ამშვენებს.
ნედლ თევზს მოვაცილოთ ქერქი, გამოვშიგნოთ და კარგად გავრეცხოთ.
დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და მოვაყაროთ მარილი.
კვერცხი გავათქვიფოთ.
თევზის ნაჭრები ჯერ ამოვავლოთ გათქვეფილ კვერცხში.
შემდეგ ამოვავლოთ ფქვილში ან დანაყილი ორცხობილას საფანელში.
დავდოთ გახურებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან ოქროსფერ ფერამდე.
შემწვარი თევზი დავალაგოთ ლანგარზე ზედმეტი ზეთის მოსაცილებლად.
ბაჟის მოსამზადებლად დავნაყოთ ან გავატაროთ ბლენდერში ნიგოზი.
დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი და წიწაკა.
ეს ნარევი გავხსნათ ძმარგარეულ წყალში კრემისებურ კონსისტენციამდე.
მოვასხათ ბაჟე შემწვარ თევზს.
შეგვიძლია შემწვარი თევზი და ბაჟე ცალ-ცალკე მივიტანოთ სუფრაზე.
მივირთვათ ცივად ან თბილად.

„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”