ბადრიჯანი გათალეთ, დაჭერით სიგრძეზე ოთხად და შემდეგ ნაჭრებად.
მოაყარეთ მარილი და დატოვეთ ნახევარი საათით. შემდეგ გაწურეთ ფრთხილად, რომ ფორმა არ დაკარგოს.
ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოხრაკეთ ზეთში.
დაამატეთ გაწურული ბადრიჯანი, მოშუშეთ სანამ ოდნავ შეიბრაწება.
ჩაყარეთ დაფნის ფოთოლი და სიგრძეზე დაჭრილი ბულგარული წიწაკა.
პომიდორს მოაცილეთ კანი, დაჭერით წვრილად და ბადრიჯანი რომ დარბილდება, ჩაამატეთ ქვაბში. მოშუშეთ დაახლოებით 10 წუთი.
ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანილები (ქინძი, რეჰანი, ოხრახუში), მოურიეთ და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
„დედა ჩემი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ერთი იმ დიასახლისთაგანი იყო, რომელიც ოჯახში შინაურ საქმის გაკეთებას და ოჯახის მოვლა-პატრონობას არ თაკილობდა… განსვენებული, არამც თუ თვითონ იყო დიასახლისი, არამედ იგი სხვებსაც აგულიანებდა და აქეზებდა – რომ ოჯახისთვის მიეხედნათ, ოჯახი ფეხზედ დაეყენებინათ და ეკონომიურად გამაგრებულიყვნენ. მან განიძრახა ქართული სამზარეულოს შედგენა და გამოცემა – რადგან გრძნობდა, რომ ერის წარმატებაში და ცხოვრებაში პირველი ალაგი ჯანმრთელობას უკავია – ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია კარგ და საღ საზრდოზე. მეორე მხრით ოჯახში საჭმელის რიგზე მომზადებას დიდი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს. გამოუცდელი დიასახლისი ყოველთვის მეტ სანოვაგეს ხარჯავს და მასთან ვერც ნოყიერს და ყუათიან სადილს ამზადებს…”